ბრიტანული Economist Intelligence Unit-ის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული გლობალური კრიზისისას, ბოლივია ყველაზე დაცული და მდგრადი ქვეყანაა რეგიონში. ანალიზში აღნიშნულია, რომ ამჟამად ბოლივიაში დაბალი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური სტაბილურობაა. მნიშვნელოვანია ჩაღრმავება, თუ რამ განაპირობა ბოლივიაში, ლათინოამერიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, ამჟამინდელი დადებითი პოლიტეკონომიური მდგომარეობა. ამჟამად ასეთი ვითარება ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყნისთვისაც შესაშურია.
ბოლივიაში 2005 წლიდან ეროვნულ-მემარცხენე პოლიტიკა ტარდება. უკვე 17 წელიწადია, ევო მორალესის პარტიას - “მოძრაობა სოციალიზმისაკენ” - სტრატეგიული რესურსების ნაციონალიზაციის, იმპორტის ჩანაცვლების, ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და სახელმწიფო სუბსიდიების შემუშავების აქტიური პოლიტიკა აქვს.
ამ პოლიტიკური კურსის გამო, მორალესის პარტიის პოლიტიკას დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა (და აქვს) დასავლეთის მხრიდან. საყურადღებოა, რომ 2008 წელს, მორალესის მთავრობამ ა.შ.შ-ის ელჩი გააგდო იმ ბრალდებით, რომ იგი უხეშად ერეოდა სახელმწიფო პოლიტიკაში. მაგალითად, საელჩოდან მოდიოდა წინააღმდეგობა ნაციონალიზაციის კამპანიებთან მიმართებაში.
2013 წელს ბოლივიიდან ასევე გააძევეს USAID-ი, ა.შ.შ.-ის მთავარი ე.წ. “განვითარების ორგანიზაცია”, რომელიც საქართველოშიც მოღვაწეობს. USAID-ი დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების სახელით ანტისახელმწფოებრივი პოლიტიკის წარმოებაში და ოპოზიციური ძალების გაძლიერებაში. ეს ბრალდება კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ ჩვენ მას საქართველოში არსებულ სიტუაციას მივუსადაგებთ: USAID-ი მნიშვნელოვანი დამფინანსებელია თითქმის ყველა იმ ორგანიზაციისა თუ ინსტიტუტის, რომელიც მიკერძოებულია და ჩვენს ქვეყანაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს იცავს, მაგალითად, - სახალხო დამცველის ოფისის.
2019 წელს, ა.შ.შ.-ს მხარდაჭერითა და ეგიდით, ევო მორალესის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. გადატრიალების შედეგად ძალაუფლებაში მოსულმა პროამერიკულმა მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი, ნეოლიბერალური რეფორმები გაატარა, როგორიცაა პრივატიზაცია და ქვეყნის კვლავ უცხოურ ვალებზე დაქვემდებარება. ამასთანავე, ათიოდე წლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ კვლავ მოიწვია ამერიკის ელჩი და USAID ბოლივიაში. ეს იყო ჩვეულებრივი კონტრრევოლუცია იმ პროგრესის წინააღმდეგ, რომელსაც მორალესის სოციალისტურმა მთავრობამ მიაღწია.
თუმცა, მოსახლეობის მიერ კარგად ორგანიზებულმა წინააღმდეგობამ, 2020-ში პარტია “მოძრაობა სოციალიზმისაკენ” კვლავ დააბრუნა ძალაუფლებაში; სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეები კი დღეს დასჯილები არიან.
****
ბოლივიაში სასუქის წარმოების მაგალითი ნათელს ხდის, თუ როგორ მოქმედებს დასავლური იმპერიალიზმი და თუ რამხელა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს ანტიიმპერიალისტურ ეროვნულ-მემარცხენე პოლიტიკას. 2019-ში, არადემოკრატიულად მოსულმა პროამერიკულმა მთავრობამ სასუქის ნაციონალიზებული წარმოება შეწყვიტა, რის გამოც, ცხადია, სახელმწიფომ საგრძნობლად იზარალა. დაბრუნებისთანავე, მორალესის პარტიამ წარმოება არა მხოლოდ აღადგინა, არამედ პროკურორმა საწარმოს დაკეტვის გამო პოლიტიკოსებს ბრალი წარუდგინა. მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასუქი სტრატეგიული რესურსია. რუსეთი მსოფლიოში სასუქის წამყვანი მწარმოებელია და სანქციების მეშვეობით მისი მსოფლიო ბაზარზე შევიწროების გამო, დღეს ბოლივიისთვის სასუქის წარმოებას უკვე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბოლივიაში გარაუდობენ, რომ, გლობალური დეფიციტის გამო, სასუქს ექსპორტზე გაიტანენ არა მხოლოდ ბრაზილიასა და სხვა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ა.შ.შ.-შიც.
ფაქტია, რომ ამ კრიზისულ მომენტში ბოლივიის ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია სასუქის ექსპორტის ზრდამ მნიშვნელოვნად განაპირობა. რომ არა ევო მორალესის პარტია და შეჩერებული ადგილობრივი სახელმწიფო წარმოების კვლავ აღორძინება, დღეს ბოლივია ამ კრიზისულ მომენტს ვერ გაუმკლავდებოდა და ვერც ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებდა.
ბოლივია და საქართველო ძალიან განსხვავებული ქვეყნებია. მათ მხოლოდ ის აკავშირებთ, რომ ორივე იმპერიალიზმის, ანუ გარე ჩარევის მსხვერპლია, რაც განვითარებას შეუძლებელს ხდის. ამის აღმოსაფხვრელად ბოლივიელმა ხალხმა დიდი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ ბევრი გვაქვს მათგან სასწავლი, რათა განვვითარდეთ, რესურსები სახალხო ინტერესიდან გამომდინარე განვაგოთ და გლობალური კრიზისების დროს ანალოგიურად დაცულები ვიყოთ.