ბოლო პერიოდში ქართულ ფეისბუქსივრცეში მომრავლდა გვერდების წაშლის შემთხვევები. თავდასხმის მთავარი ობიექტი „ალტ-ინფო“ და მასთან დაკავშირებული ანგარიშებია. დაბრკოლებები შეხვდა „საინფორმაციო-ანალიტიკურ გაერთიანებასაც“, რომელზეც ახლა იმყოფებით. მოსალოდნელია, რომ მომავალში სხვა ანგარიშებმაც იგივე ბედი გაიზიარონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა მექანიზმით მუშაობს „ფეისბუქის“ ცენზურა.
სოციალური ქსელის მფლობელი კომპანიის, „მეტას“
ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ისინი „ფაქტების შემოწმებისთვის“ თანამშრომლობენ „დამოუკიდებელ,
IFCN-ის მიერ სერთიფიცირებულ“ ორგანიზაციებთან.[1]
მსოფლიოში არსებობს ათეულობით ასეთი ცენზორი, რომლებიც 60-ზე მეტ ენაზე მუშაობენ და
„დეზინფორმაციას ებრძვიან“. მათ რიცხვს საქართველოში მიეკუთვნება „FactCheck.ge“ და „მითების დეტექტორი“[2].
სანამ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადავიდოდეთ,
მოდით, ვნახოთ, რა არის ხსენებული IFCN და ვინ აფინანსებს მას.
International Fact-Checking Network-ი 2015
წელს დაარსდა, ამერიკული ორგანიზაციის, „პოინტერის ინსტიტუტის“ ინიციატივით.[3]
„ფეისბუქის“ ცენზორობის მსურველებს IFCN-ის
მიერ გაცემული სერთიფიკატი აუცილებლად სჭირდებათ. სხვაგვარად კომპანია „მეტა“ მათთან
არ თანამშრომლობს.
„პოინტერის ინსტიტუტს“ წლების განმავლობაში აქტიურად
აფინანსებენ სხვადასხვა ფონდები. მაგალითად, 2017 წელს ამ ორგანიზაციამ ჯორჯ სოროსის
„ღია საზოგადოების ფონდიდან“ $300.000-იანი გრანტი მიიღო.[4]
დაფინანსების მიზნებს შორის ინსტიტუტის მიერ ფაქტების გადამოწმების ტექნოლოგიის განვითარება იყო.[5] „პოინტერის ინსტიტუტის“ მხარდამჭერებს შორის
გვხვდება ამერიკელი ლიბერტარიანელი მილიარდერების, დეივიდ და ჩარლზ კოხების მიერ დაარსებული
Koch Foundations.[6] ეს „პოინტერის ინსტიტუტის“ დაფინანსების მხოლოდ
რამდენიმე მაგალითია.
ამდენად, „მეტა“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს
კომპანიებს შორისაა, „ფაქტების გადამოწმებისას“ ეყრდნობა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც
ძალაუფლების იმავე წყაროდან ფინანსდება.
საქართველოში რომ დავბრუნდეთ, FactCheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“
პროექტია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო აშშ-ს ბიუჯეტია,
USAID-ისა და NED-ის გავლით.[7]
ეს უკანასკნელი ისტორიულად - და დღესაც - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს (CIA) ქვედანაყოფის ფუნქციას ასრულებს[8], მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა.
რაც შეეხება „მითების დეტექტორს“, ის „მედიის
განვითარების ფონდის“ (MDF) პროექტია, რომელიც, ასევე,
დასავლეთიდან ფინანსდება. ამდენად, მსგავსად FactCheck.ge-სა, ეს ორგანიზაციაც საქართველოში უცხო ქვეყნების
პირდაპირ ინტერესებს ატარებს. MDF-ის ხელმძღვანელი
თამარ კინწურაშვილია, რომელიც 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებისას „თავისუფლების
ინსტიტუტში“ მუშაობდა. მოგვიანებით, 2005-2009 წლებში მას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“
გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2010 წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს
მდივნის მოადგილე გახდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მსგავსად ეკა გიგაურისა და
ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა, კინწურაშვილი არასამთავრობო სექტორში
გადაბარგდა და 2013 წლიდან MDF-ის აღმასრულებელი
დირექტორია.[9]
ამდენად, ქართულ ფეისბუქსივრცეში ძალაუფლება
ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელ პროდასავლურ ძალებს აქვთ. ეს ძალაუფლება ცენზორებმა
შერჩევითად შეიძლება გამოიყენონ; მაგალითად, გამოავლინონ ერთი ტიპის დეზინფორმაცია,
მაგრამ თვალები დახუჭონ მეორეზე, საკუთარი იდეოლოგიური გემოვნებით. მიუხედავად „მეტას“
მიერ შემუშავებული ზოგადი წესებისა, რიგ შემთხვევებში კომპანია, მოსაზრებისა და ფაქტების
გამიჯვნისას, ცენზორების განსჯის უნარს ენდობა. გარდა ამისა, ცენზორებთან დავა „ფეისბუქის“
რიგითი მომხმარებლისთვის უკიდურესად რთულია. მაგალითად, „მეტას“ წესებით, დეზინფორმაციად
მონიშნული პოსტის ავტორმა საკითხი ისევ ცენზორთან უნდა გაასაჩივროს.[10]
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ „ფეისბუქის“
ცენზურა გლობალური მოვლენაა. უკრაინის ომის მიმდინარეობისას საბოლოოდ დაიმსხვრა მითი,
რომელიც გვარწმუნებდა, რომ სოციალური ქსელები ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას
უზრუნველყოფდნენ. როგორც აღმოჩნდა, კაპიტალისტები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის
არ კმაყოფილდებიან იმით, რომ „ფეისბუქზე“, საშუალოდ, ყოველი მეხუთე პოსტი დასპონსორებულია
(ანუ, გამოხატავს იმათ პოზიციას, ვისაც მეტი ფული აქვს). მათ დაქირავებული ჰყავთ ცენზორების
არმია, რომელსაც საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებენ.
დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულებლად, ადრე თუ
გვიან, აუცილებელი იქნება სოციალური ქსელების რეგულირება, ან ალტერნატიული გზების ძიება.
[4] https://www.prnewswire.com/news-releases/13-million-in-grants-from-omidyar-network-open-society-foundations-will-expand-poynters-international-fact-checking-network-300481553.html
[5] იქვე.
[6] https://www.poynter.org/educators-students/2018/poynter-koch-foundation-expand-impact-in-year-two-of-program-for-college-journalists/