16 April 2022

საქართველოს ექსტრემისტული ინტელიგენცია

უკრაინის ომმა და მასზე გამოხატულმა რეაქციებმა კარგად აჩვენა, რომ ქართულ „განათლებულ“ საშუალო ფენაში (აკადემიურ, ინტელექტუალურ და სახელოვნებო წრეებში, მწერლობა-პუბლიცისტიკაში, არასამთავრობო და აქტივისტურ სფეროში, ბიზნეს მენეჯმენტში და ა.შ.), ერთი სიტყვით, აზრის წარმომქმნელ ინტელიგენციაში, ამ ჯგუფის აბსოლუტურ უმრავლესობაში, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური შინაარსის არანაირი გააზრება არ მომხდარა. შესაძლოა, უკეთეს შემთხვევაში მოხდა ნაც. მოძრაობის კონკრეტული ლიდერების დისკრედიტაცია, მაგრამ ამ ძალის პოლიტიკური შინაარსის არა. გამოჩნდა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის სრულიად უუნაროა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობას - მშრომელ ხალხს გვერდში დაუდგეს და დაეხმაროს სირთულეების დაძლევაში.

პირიქით, ის როგორც სააკაშვილის მთავრობამდე, დღესაც, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, ყველაზე რეაქციული პოლიტიკური ძალების აქტიური საყრდენია. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას უკრაინის მთავრობის - სახლში უკიდურესად ანტისახალხო და აგრესიული, საქართველოს მიმართ კი ღიად მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალის ასეთი ბრმა მხარდაჭერა, მითუმეტეს, მაშინ როდესაც საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამ ტიპის მმართველობა ნაციონალური მოძრაობის სახით. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების ამ ფენას, იმის შემდეგ, რაც 2003-ში სააკაშვილის მთავრობის მნიშვნელოვანი საყრდენის როლი შეასრულა იოტისოდენაზედაც არ შეუცვლია პოზიციები და შეხედულებები. აღსანიშნავია, რომ უკრაინაშიც ახლანდელი მთავრობის დასაყრდენსაც იგივე სოციალური ჯგუფები წარმოადგენს.

არადა, პოზიტივისტურად თუ შევხედავთ, სააკაშვილის მთავრობის 9 წლიანი მმართველობის დამანგრეველ შედეგებს უნდა შეეცვალა ამ ფენის დამოკიდებულებები. თავისი მმართველობის დასაწყისში ქართული ოცნება რაღაც ამ ტიპის პოლიტიკას - ნაკლებად ექსტრემისტულ ლიბერალიზმს მისდევდა. მას გათვლა ჰქონდა, რომ ეს საშუალო ფენა, რომელსაც სააკაშვილის ნაბოძები ყველა პრივილეგია შეუნარჩუნა (თუ გარედან შეანარჩუნებინეს) მიემხრობოდა და ქვეყანა უმტკივნეულოდ შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. თუმცა, დავინახეთ, რომ ამ ჯგუფისთვის ქართული ოცნება იმთავითვე მიუღებელი აღმოჩნდა და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სხვადასხვა ფორმით, მის დისკრედიტაციას ეწევა. არ პატიობს არც ერთ არაექსტრემისტულ, რაციონალურ და  მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებში შემავალ ნაბიჯს.

შესაბამისად, დღეს უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ ის ხალხი მართლები იყვნენ, ვინც დაჟინებით მოითხოვდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ გასამართლებას. ხაზს ვუსვამ, პოლიტიკურ და არა კრიმინალურ გასამართლებას, რამდენადაც მათი დანაშაული პოლიტიკურია და მათ კრიმინალურ დანაშაულებზე გაცილებით დიდია. ასევე, გამოჩნდა, რომ ფაშიზმის წამახალისებელი ჯგუფების მიერ ფაშიზმის გააზრება და მასზე უარის თქმა თავზე ხელის გადასმით და ლოიალობით არ ხდება. ამის საუკეთესო მაგალითი გერმანიაა, სადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, საშუალო ფენა ექსტრემისტულ იდეებს უფრო ფრთხილად ეკიდება. როგორც ვიცით, ამისთვის იქ დიდი ძალისხმევა ჩაიდო.

ჩვენი ”განათლებული” საშუალო ფენის ასეთი ექსტრემიზმი ქვეყნის კოლონიური მდგომარეობის ბრალიცაა. უფრო ზუსტად, ვასალ ქვეყნებში ამ ტიპის გავლენის ჯგუფების გაჩენა ამერიკული იმპერიალიზმის მკაფიო ხელწერაა. ამერიკას ჩვენს რეგიონში აქვს თავისი სტრატეგიული მიზნები, რისთვისაც ზუსტად ამ ტიპის ”განათლებული” საშუალო ფენა სჭირდება. მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ და უფრო მწვავედ აჩვენა, რომ ამ ჯგუფის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები კარდინალურად განსხვავებულია. ამ შემთხვევაში, ამ ჯგუფს უნდა რუსეთთან ომი და ესკალაცია. უმრავლესობას სჭირდება დიალოგი და მშვიდობა.

იმის გამო რომ, ამ შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლიანი პოზიცია აირჩია, ამ ჯგუფის მხრიდან ის ხდება მარგინალიზების და უკომპრომისო კრიტიკის ობიექტი. ისევე, როგორც ყველა სხვა, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი გააჩნია. ეს ექსტრემიზმი და უკომპრომისობა მისი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა და ისაა, რაც საქართველოს საზოგადოების მშვიდობიან თანაცხოვრებას (რამდენადაც ეს ბურჟუაზიულ დემოკრატიაშია შესაძლებელი) ჩიხში აქცევს. ამ მდგომარეობიდან ლოგიკური გამოსავალი არის სამოქალაქო ომი. ერთადერთი ძალა, ვისაც ამის თავიდან აცილება შეუძლია, ესაა საქართველოს მთავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უფრო გაბედულად და მკაცრად იმოქმედებს.