რუსი ტურისტი 2019 წელს პარლამენტთან გამართულ აქციაზე |
ქართველი ლიბერალების და რუსი ”ტურისტ-მიგრანტების” ურთიერთობები საკმაოდ კომიკურ სახეს იღებს. ბოლო დღეებში ქართველი ინტელიგენციის ისტერიკამ კიდევ კარგად დაასურათა ეს ფენომენი. მოდით, გავყვეთ, რაში მდგომარეობს ეს კომიკურობა. ვინ არიან რუსი ”ტურისტ-მიგრანტები”? ძირითადად ესენი არიან რუსეთის ლიბერალური საშულო ფენის წარმომადგენლები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავისი ქვეყნის პოლიტიკით, მის პრეზიდენტს დიქტატორად მიიჩნევენ და უკრაინის ომი გახდა ის ”ბოლო ზღვარი”, რამაც ქვეყნის დატოვება გადააწყვეტინათ. რათქმაუნდა, ეს ხალხი ომს არ გამოქცევია, ისინი, თავის ჭკუაში, ”გამოექცნენ” ან ”გამოერიდნენ” რუსეთში არსებულ ”დიქტატურას”.
სავარაუდოდ, ისინი ან მათი ნაცნობ-მეგობრები ადრე უკვე იყვნენ ტურისტების რანგში საქართველოში და მოიხიბლნენ ერთის მხრივ მისი დეგრადაციის ხარისხით, რაც მას ეგზოტიკასაც სძენს და ჯიბისთვისაც სასიამოვნოა და მეორეს მხრივ მიმზიდველი კლიმატითა და გარემოთი. არ უნდა გამოგვრჩეს მისი ანტირუსული ლიბერალური ოაზისის ან დემოკრატიის შუქურის წარსულიდან შემორჩენილი იმიჯიც, რაც, ერთობლიობაში, პროგრესისა და დემოკრატიისათვის ”წამებულთათვის” საუკეთესო სავანეს ქმნის. ამის კარგი მაგალითია ტელეკომპანია ”დოჟდის” სტუდიის საქართველოში გადმოტანა. რუსეთში, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ისინი ისევე არ უყვარს, როგორც ჩვენი ლიბერალები. როდესაც ქვეყანა დატოვეს, რუსულ სოციალურ ქსელებში მოწოდებებიც კი ისმოდა, რომ აეკრძალათ მათთვის უკან დაბრუნება.
ეს ხალხი ფინანსურად საკმაოდ უზრუნველყოფილია. მათ დიდ ნაწილს შეუძლია თავს უფლება მისცეს, რომ დისტანციურად იმუშაონ, ან დანაზოგები ჩამოიტანონ, თუმცა გადასახადებს ქვეყანაში არ იხდიან. რუსეთის სტანდარტით მათი საშუალო შემოსავლები საქართველოს სტანდარტით მათ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს. მართალია ჩვენმა ლიბერალმა პატრიოტებმა ეხლაღა შემოჰკრეს განგაშის ზარს, მაგრამ ისინი დიდი ხანია რაც საქართველოში წელიწადში რამდენიმე თვესაც ატარებენ და უძრავ ქონებასაც ყიდულობენ. ფაქტობრივად, საქართველოს უძრავი ქონების და ტურისტული ბაზრები დიდწილად მათზე მუშაობს.
ეს, რათქმაუნდა, საქართველოს მშრომელებს დიდად არ ეხმარება, რამდენადაც ამ სფეროებში შექმნილი სამუშაო ადგილები ეფემერული და დაბალანაზღაურებადია. დამატებით, ამ სფეროებში ბაზრების განვითარება უძრავ ქონებაზე, საკვებზე და სერვისებზე ფასების ზრდას იწვევს, რაც რიგით მშრომელებს დამატებით ტვირთად აწვება (რათქმაუნდა ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ის დასავლური სტრუქტურებია, ვინც თავს მოგვახვია არსებული ეკონომიკური წესრიგი და რუსეთი აქაც არაფერშუაშია). სამაგიეროდ, ამ ტიპის ეკონომიკა ხელს აძლევს უძრავი ქონების მფლობელებს, ტურისტულ და მშენებლობის ბიზნესში ჩართულ დამქირავებლებს, რამდენადაც, ფაქტობრივად, უშრომელად (დიდი რისკების და სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების დანერგვის გარეშე) დიდ მოგებაზე გაყავს. და ვინ არის ეს ხალხი? ჩვენი ლიბერალები ან მათი პატრონები, ვისთვისაც ისინი მუშაობენ, მათი პრივილეგიების დაცვის იდეოლოგიურ ფლანგზე.
ერთი სიტყვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსი ”ტურისტ-მიგრანტები”, როგორც ეკონომიკურდ, ისე იდეოლოგიურად ჩვენი ლიბერალების პირდაპირი მოკავშირეები არიან. შედარებით ჯანსაღი გარემო რომ იყოს, სადაც ლიბერალიზმის და კაპიტალიზმის პრინციპები (რომ ყველაფერ პირადულზე, ისტორიულზე და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანი საქმიანი ინტერესებია) დაცული იქნებოდა, როგორც, მაგალითად, მათთვის ასე საყვარელ 18-19 საუკუნეების ინგლისში, ან თუნდაც დღევანდელ თურქეთში, ამ ხალხს სიხარულით უნდა ხვდებოდნენ. მაგამ, პარადოქსულად, მათი გამოჩენისთანავე, ქართველ ლიბერალებში, რომლებისთვისაც არასოდეს ყოფილა პრობლემა უძრავი ქონების ფასების ზრდა ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვა, უცბად ზვიად გამსახურდიამ გაიღვიძა (რომელიც, სხვათაშორის, მუდამ მათთანაა).
ეკონომიკური მხარე რომ გვერდზე გადავდოთ, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად მათ მოკავშირეებს (პუტინის პოლიტიკის ღიად მოწინააღმდეგეებს, რუსეთში ლიბერალური ცვლილებების პოტენციურ აგენტებს და ა.შ.) დასდევენ და ამუნათებენ ყველანაირი ნაცისტური ფორმებით და მეთოდებით. მთავარი მოტივი არის, რომ თურმე რუსეთში უნდა დარჩენილიყვნენ და ”პუტინის რეჟიმთან” ბოლომდე ებრძოლათ. თანაც ამას ის ხალხი აკეთებს, რომლებიც გაცილებით სუსტი ქართული ოცნების პოლიტიკის გამო ყოველდღე უარყოფენ ქართველობას და საქართველოს მოქალაქეობას, მათ ერთადერთ პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის ასახელებენ >>>> და ა.შ. რუსი ”ტურისტ-მიგრანტების” ეს დევნა და მხილება საბოლოოდ ერთი დიდი სიგიჟის სახეს იღებს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ჩვენ ”პატრიოტებს” უჭირთ მათი თქმით, ”სლავური გარეგნობის ხალხის” - უკრაინელების, ბელორუსების და რუსების ერთმანეთისგან გარჩევა.
აი ესეთი კომიკური, პროვინციული ფაშიზმის სახეს იღებს ხოლმე ქართული ლიბერალიზმი, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება. თუმცა, ვფიქრობ მისი სიმხდალისგან გამოწვეული ეს ცხოველური რეფლექსები მიმდინარე გლობალური ცვლილებების შედეგად გაფერმკრთალდება და რაღაც მომენტში ქართველი ლიბერალები მიხვდებიან, რომ მათი ისტორიული და ასევე, ყველაზე უფრო კომფორტული და თბილი ადგილი რუსული ბურჟუაზიის გვერდით და არა ევროპული სტრუქტურების მოსაცდელებშია. რუსეთის და საქართველოს მშრომელებს კი კიდევ ერთხელ მოუწევთ ორივესთვის ერთად საკუთრების ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაშვება.
* სურათები 2019 წელს პარლამენტთან რუსი ტურისტების მიერ გამართული აქციიდან. ვიდეო იხილეთ ბმულზე >>>>>