14 April 2022

ჩვენი ჭირი - ღობეს ჩხირი

რაც უკრაინის ომი დაიწყო, ქართული საზოგადოების ყველა ფენაში, განსაკუთრებით საშუალო ფენაში, ვხედავთ დიდ მობილიზებას უკრაინელების დასახმარებლად. მოქალაქეებში თითქმის ყოველდღე გროვდება საჭმელი, ტანსაცმელი და სხვა საჭირო რესურსები უკრაინელებისთვის გადასაცემად, იქნება ეს უკრაინიაში ტვირთის გაგზავნის სახით თუ საქართველოში ჩამოსული დევნილების დასახმარებლად. დღეს ყველა ქართულ მცირე თუ დიდ ბიზნესს აქვს რაღაც ტიპის კამპანია უკრაინელების დასახმარებლად. ცხადია, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის და გლობალური ტენდენციის ნაწილია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ომი მუმდივ რეჟიმში შუქდება და ლიბერალური იდეოლოგიის ისეთი ფუნდამენტური ნაწილი გახდა, რომ ყველაზე მგრძნობიარე თემას წარმოადგენს. თუკი მედია არასოდეს აშუქებს სხვა ომის მსხვერპლ ქვეყნებსა და მოსახლობას, მაგალითად, ამ წუთში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფ იემენს (სადაც 17.4 მილიონი ადამიანი შიმშილის პირასაა და საკვებით გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს), სამაგიეროდ მსოფლიო უწყვეტ რეჟიმში უყურებს უკრაინის კადრებს და ისმენს ომის ისტორიებს, რაც განსაკუთრებულ სენტიმენტებს აღვივებს.

თუ ამ ფენომენს ცოტა უფრო ადგილობრივი თვალიდან შევხედავთ, აუცილებლად იკვეთება დისონანსი ქართულ რეალობასა და გლობალურ იდეოლოგიურ ტენდენციაზე აყოლას შორის. საქართველო ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და ჩვენი მოსახლეობა თვითონ საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. პანდემიის გამო გამწვავებული ეკონომიკური კრიზისისა და ინფლაციის გამო მოშიმშილე ქართველების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, ბოლო წლებში ბავშვებში მზარდი შიმშილიანობა იმდენად აქტუალური გახდა, რომ სხვადასხვა პარტიებისთვის და მოძრაობებისთვის კამპანიის თემას წარმოადგენს (იხ. 1, 2, 3). აგრეთვე დიდია ქართველი დევნილების რიცხვი, რომლებიც განსაკუთრებულ გაჭირვებაში ცხოვრობენ და ჩვენი მედიის ყურადღებას მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევებით იქცევენ (იხ. 1, 2). ბოლო ერთი თვეა ქართულ სოცქსელებში უკრაინელების დახმარება ყველაზე მნიშნველოვან სოციალურ სტატუსად იქცა, როცა პარალელურად იქ უამრავი პოსტია, სადაც ქართველები სამედიცინო დახმარებისთვის თუ სხვადასხვა საჭიროებებისთვის მოწყალებას ითხოვენ, მაგრამ უკრაინელების ტრაგედიის ფონზე უგულებელყოფილნი არიან. 

ეს მოცემულობა ორმაგად დისონანსურია, როცა უკრაინელების გაჭირვება მსოფლიოში წამყვანი თემაა და აქტიურ დახმარებას ღებულობენ ყველა მდიდარი ქვეყნისგან, თუმცა გაჭირვებული ქართველები, ჩვენი დევნილების თამადობით, არსად ფიგურირებენ. ის, რომ საზოგადოებაში ჩვენი საკუთარი გაჭირვებისადმი ნაკლები ცნობიერება და მგრძნობელობა გვაქვს, კიდევ ერთი მაჩვენებელია ამ ქვეყნის დაქვემდებარებული მდგომარეობისა, რის მიხედვითაც ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე პოლიტიკა (და, შესაბამისად, ცნობიერება - თუნდაც მასმედიის საშუალებით), არ იქმნება.  

ცხადია, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობაში ცუდი არაფერია, თუმცა პარადოქსულია (და ალბათ, გარკვეულწილად ყალბიც), როცა თანამემამულეებისადმი და ადგილობრივი მდგომარებისადმი იგივე სენსიტიურობა არ არსებობს.