უნდა დაისვას კითხვა, თუ რა განაპირობებს ზემოთ ხსენებული ძალების ულტრამემარჯვენეობასა და განსაკუთრებულ რეაქციულობას. რატომ არის “ენმ”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი” და მათთან ასოცირებული ყველა ვითომ დამოუკიდებელი ორგანიზაცია (მაგალითად, მედიები) საქართველოს განვითარებისთვის პირველი ხელშემშლელი? იმიტომ, რომ მათ დასავლურ იმპერიალიზმთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ, ხოლო დასავლური იმპერიალიზმი საქართველოს განვითარებას შეუძლებელს ხდის (ამაზე დეტალურად მომავალ პოსტში). უმთავრესად აღსანიშნავია, რომ “ენმ”-ისა და “ვარდების რევოლუციის” მეშვეობით განხორციელდა საქართველოს სრული დაქვემდებარება დასავლეთზე. უფრო მეტიც, “თავისუფლების ინსტიტუტიდან” და “კმარადან” (ენჯეო სექტორიდან) აღმოცენებული “ენმ” დასაბამიდანვე (ჩანაფიქრშივე) იყო პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ “ვარდების რევოლუციისთვის”, ანუ, სხვა სიტყვებით, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს დ ა ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ი ს თ ვ ი ს დაატრენინგა დასავლეთმა. მრავალი დანაშაულისდა მიუხედავად, დასავლეთი უპირობოდ მხარს უჭერდა სააკშვილის რეჟიმს მთელი 9 წლის განმავლობაში, შემდეგ კი, 2012-ში, უშუალოდ ჩაერია, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლებულიყო. უფრო მეტიც, მაიდანის მოვლენების შემდგომ დასავლეთმა ისინი უკრაინაში გადააპორტირა ფაშისტური მოღვაწეობის გასაგრძელებლად. მაშასადამე, დასავლეთის მფარველობა განაპირობებს “ენმ”-ისს შენარჩუნებას, რადგან ეს ძალა რეგიონში ამერიკული იმპერიალიზმის საუკეთესო მსახურია.
ფორმალურად პოლიტიკური აფილიაციების ცვლილებისდა მიუხედავად (“ენმ”-დან “ევსაქ”-ში გადასვლა, თუ პარტიიდან მედიაში გადასვლა), ეს ბირთვი, - შეგვიძლია მათ ვუწოდოთ დატრენინგებული ლიბერალების პირველი თაობა, - უცვლელი რჩება. ისინი წარმოადგენენ მთავარ პოლიტიკურ და პარტიულ საყრდენს დასავლეთის იმპერიალისტური ინტერესებისთვის. რაც შეეხება არაპარტიულ პროდასავლურ სტრუქტურებს, მაგალითად, მედიებსა და ენჯეოებს, ისინიც წარმოადგენენ დასავლური იმპერიალიზმის რბილ ძალასა და საყრდენს. მთლიანობაში, საქართველოში მოღვაწე პროდასავლური ძალები იღებენ გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პოლიტიკის დირექტივებს დასავლური წყაროებისგან, თუნდაც ევროსაბჭოსგან ან სოროსის ფონდისგან და ჩვენს საზოგადოებაში კონკრეტულ რეაქციულ და რეგრესულ პოლიტიკას ახორციელებენ. ეს ადგილობრივი ძალები შესაძლებელს ხდიან, რომ დასავლური იმპერიალიზმი სამხედრო ჩარევის გარეშე ბატონობდეს ამ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე და მინიმუმ 2003 წლიდან ვუყურებთ, რომ ეს ბატონობა და დასავლეთზე დაქვემდებარებულობა საქართველოსთვის პროგრესსა და წინსვლას არ მოიცავს.
მაშ, გასაკვირი არ არის, რომ მეინსტრიმულ ანალიზებში გაყალბებულ რეალობას გვაწვდიან და არალიბერალურ ძალებს ყველაზე “ფაშისტურად” და რეაქციულად გვიხატავენ. მაგალითად, ისინი გვეუბნებიან რომ “ალტ-ინფოა” ფაშისტური და არა “მთავარი არხი”. თუკი რამეა სათქმელი ბოლო წლებში აღმოცენებულ არალიბერალურ ძალებზე, როგორიცაა “ალტ-ინფო”, ისაა, რომ ისინი ფაშისტური ლიბერალიზმის (რომლის სახეცაა “ენმ”) რეაქციად წარმოიშვა და, ამ ეტაპზე, ეს ძალები ნამდვილად არ არიან დასავლური იმპერიალიზმის საყრდენი. ანუ, მათ არ გააჩნიათ პოტენციალი, რომ რაიმე საზომით ისეთივე რეაქციულები იყვნენ, როგორც დასავლეთის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული ქართველი ლიბერალები არიან - იმპერიალიზმის მთავარი აგენტები. მაგალითად, არალიბერალური ძალები, როგორიცაა “ალტ-ინფო” და "პატრიოტთა ალიანსი", ამ წუთში დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისდა მიხედვით*, საქართველოს უკრაინის ომში ჩართვას არ ლობირებენ. პირიქით, ისინი საქართველოს ომში ჩათრევის ერთადერთ პოლიტიკურ წინააღმდეგობას წარმოადგენენ.
პ.ს.: აგრეთვე შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოსნაირ ყველა პერიფერიულ ქვეყანაში გვევლინება “ენმ”-ისნაირი პოლიტიკური ძალები, რომლებიც იგივე წყაროებიდან (იგივე ფონდებიდან) ფინანსდებიან, იგივე ტრენინგებს გადიან, იგივე დირექტივებს იღებენ, იგივე ღირებულებებს ატარებენ და, რაც მთავარია, იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც ნაცები საქართველოში. ეს ფუნქცია გახლავთ ამ ქვეყნების დასავლურ იმპერიალიზმზე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩატოვება (ან მოქცევა) და ნებისმიერი ალტერნატიული პოლიტიკისთვის ხელის შეშლა. მარტივი წარმოდგენის შესაქმნელად შეგვიძლია მოვიძიოთ ნებისმიერი პერიფერიული ქვეყნის ყველაზე “პროდასავლური” პარტიები: ვენესუელაში, ბოლივიაში და თუნდაც რუსეთში - ნავალნის სახით.
------------------------------------
* იხილეთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ შიფის 2020 წლის გამოსვლა აშშ-ს სენატში, სადაც იგი ამბობს, რომ აშშ რუსეთს "იქ" - უკრაინაში - ებრძვის, რათა "აქ" - აშშ-ში - არ მოუწიოს მასთან ბრძოლა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ შიფის ეს განცხადებაც.US chauvinism & warmongering is so ingrained that @AdamSchiff can openly declare, in Jan 2020, that US uses Ukraine to “fight Russia over there,” and our elites applaud. Fast forward two years later when Russia fights back, and the same circle is outraged. pic.twitter.com/6B4QVFSZvV
— Aaron Maté (@aaronjmate) February 26, 2022