01 April 2022

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მშრომელების ინტერესების წინააღმდეგ

29 მარტს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტთან გამართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად აქციის მოთხოვნა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაც. ეს ორგანიზაცია ცნობილია თავისი ”ენჯეოშნიკური” მიდგომებით და მშრომელების ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკით და ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას. აქციაზე მის მიერ გაჟღერებული ორივე პუნქტი ღრმად პრობლემურია და ქვემოთ დავწერ რატომ.
 
1. უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება.

აქციის გამოკვეთილი გზავნილი იყო უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მხარდაჭერა. ისმოდა ანტირუსული მოწოდებებიც, სადაც რუსეთი მოხსენიებული იყო ფაშისტურ სახელმწიფოდ (ბმული). პროფკავშირის ლიდერებისგან ამაზე მეტი ცინიზმი და მშრომელების საწინააღმდეგო მოქმედება წარმოუდგენელია.

ესეიგი, ისინი ქართველი მშრომელების სახელით მხარს უჭერენ უკრაინის რადიკალურ მემარჯვენე მთავრობას, რომელიც რუსეთისთვის პრობლემების შექმნის მიზნით, პირდაპირ ამერიკის დასმულია, რომელმაც გაატარა უამრავი ნეოლიბერალური რეფორმა, რამაც პირდაპირ მშრომელებს დაარტყა; რომელსაც განხორციელებული აქვს ბევრი ფაშისტური აქტი, მაგალითად დეკომუნიზაციის ფარგლებში საპარლამენტო კომუნისტურ პარტიასთან ერთად სხვა სამი მემარცხენე პარტია აკძალა და დევნის მემარცხენე აქტივისტებს (ბმული). ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30% რუსულს მშობლიურ ენად მიიჩნევს აკრძალა რუსული ენის გამოყენება. პირდაპირ ხელს უწყობს და აიარაღებს გაცხადებულად ფაშისტურ ბანდ ფორმირებებს, რომლებიც ტერორს უწყობენ მშრომელებს და თავად პროფკავშირებს. მაგალითად, 2014 წელს სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებმა ხანძარი გააჩინეს ოდესის პროფკავშირის შენობაში, სადაც 48 მემარცხენე დაიღუპა ან მოკლეს და დღემდე გამოუძიებელია (ბმული). რომელიც 2014 წლიდან ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას დონბასში, სადაც ამ დროის განმავლობაში 14 ათასი ადამიანი დაიღუპა და არავინ პასუხს არ სთხოვს.

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოს პროფკავშირი ქართველი მშრომელების სახელით მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობის მფარველ მთავრობას. ძალას, რომელმაც გრძელვადიანი და ურთულესად აღსადგენი ზიანი მიაყენა მშრომელებს, ფაქტიურად დააჩოქა საქართველოს მუშათა კლასი.

ნორმალური პროფკავშირი სოლიდარობას უნდა უცხადებდეს უკრაინის მუშათა კლასს და მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც მათი მარიონეტული მთავრობის მიერ რუსეთის მიმართ წლების განმავლობაში გატარებული დანაშაულებრივი და პროვოკაციული პოლიტიკის გამო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. უნდა მოუწოდებდეს დაუმორჩილებლობისკენ და ძალაუფლების ხელში აღებისკენ. ასევე, სოლიდარობას უნდა უცხადებდეს დონბასის მუშებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე ფაშისტურ ბანდ-ფორმირებებს ებრძვიან. 

2. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია

მედიასთან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაცია გაჟღერდა, თუმცა პროფკავშირის ლიდერები სოციალურ ქსელში ევროატლანტიკურ ე.ი. ნატოში გაწევრიანების მოთხოვნასაც არ ერიდებოდნენ.

რათქმაუნდა, საქართველოს ევროკავშირში მიღებას ევროპაში სერიოზულად არავინ განიხილავს, და პროფკავშირის მხრიდანაც ამ მოთხოვნის წამოყენება არასერიოზულია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მშრომელების ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. შეგვიძლია შევხედოთ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ახალმიღებულ ქვეყნებს და დავინახავთ მათ უუნარობას გადალახონ ევროკავშირის მიერ დაწესებული კვოტები და შეზღუდვები, რაც არ აძლევთ განვითარების საშუალებას.

ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს არ ექნება შანსი აწარმოოს პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკა. მასზე ბევრად განვითარებულ ეკონომიკებთან ურთიერთობაში ის ყოველთვის დარჩება ჩამორჩენილ ეკონომიკად, როგორც აქამდე არის ამ პირობების გამო, რომელიც მოამარაგებს ევროკავშირს იაფი სამუშაო ძალით და უბრალოდ, იარსებებს, როგორც ევროპის და ამერიკის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი.

ამის ალტერნატივა არის საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, სადაც ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები ბევრად მაღალია. არსებობს ამის ტრადიცია, ეკონომიკები განვითარების მეტნაკლებად თანაბარ დონეზეა, არ იზღუდება დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება და ა.შ. შეასბამისად, ასეთი ინტეგრაცია საქართველოს მშრომელებისთვისაც ხელსაყრელია და პროფკავშირიც თუკი საგარეო ურთიერთობებზე იფიქრებს, ამ მიმართულებით უნდა ფიქრობდეს.

რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციას, ისტორიულად ეს ორგანიზაცია ამერიკული იმპერიალიზმის ინსტრუმენტია, იმ იმპერიალიზმის, რომელმაც საქართველოს მუშათა კლასს თავს მოახვია შოკური თერაპია, დაუნგრია ეკონომიკა და მათ შვილებს მომავალი წაართვა. იმის გარდა, რომ ეს არასერიოზული და არარეალურია, მასში ინტეგრაციაზე ფიქრი ხომ არსებული მდგომარეობის გაგრძელების სურვილს ნიშნავს. და მითუმეტეს მიმდინარე ომის პირობებში ამ მოთხოვნის დაყენება პირდაპირ საბოტაჟის ტოლფასია.
 

პროფკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოსტი სოცმედიაში

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების გაერთიანების ამ საბოტაჟურ აქციას არცერთი მემარცხენე ჯგუფი კრიტიკულადაც არ გამოეხმაურა. არადა, პროფკავშირის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სფეროში დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მემარცხენეებმა უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროფკავშირების გაერთიანების ამჟამინდელმა ლიდერებმა პასუხი აგონ მშრომელების საწინააღმდეგო იმ პოლიტიკისთვის რასაც წლების განმავლობაში აწარმოებენ. პასუხისგება უნდა იყოს მკაცრი.